ოთარ შამუგია აცხადებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიღებს
დღეს ყველანაირი წინაპირობა არის, რათა რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად , – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაწყებული აქვს ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
„ყველა შესაბამის უწყებას გაგზავნილი აქვს შესაბამისი წერილები და გამოთხოვილია ინფორმაციები. არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ ლიცენზია გამოცხადდეს ძალადაკარგულად. სააგენტოს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი ბოლომდე მიიყვანოს. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ სრულად არის ეს ინფორმაცია მიწოდებული იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს აპროტესტებს სამინისტროსთან საკითხს და ითხოვს ლიცენზიის გაუქმებას. ეს პროტესტი დაიწყო, დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ და ამ საკითზე მაისიდან დავიწყეთ საუბარი, რომ ვალდებულებები არ სრულდებოდა და მივიღეთ გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიის შექმნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.