ოთარ შამუგია - 2023 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია 72 ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგურის დამონტაჟება
კლიმატური ცვლილებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას, 2024 წლის პირველი ნახევრისთვის ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 300-მდე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების სადგური იქნება დამონტაჟებული, – ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, დაწყებულია თანამედროვე დანადგარების მოწყობა და რეგიონული ოფისების მშენებლობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რაც მომდევნო წელს დასრულდება.
„აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსალოდნელი სტიქიური პროცესების, ასევე ამინდის პროგნოზის ხარისხს, მიაწვდის უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას ჩვენს ფერმერებს და ყველა იმ სექტორს, რომლის ფუნქციონირებისთვის ზუსტი პროგნოზირება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოში ბირთვული უსაფრთხოების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა იმ ინსტიტუციურ და მარეგულირებელ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც 2015 წლიდან დღემდე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელდა.
„ეს პროგრესი აღიარებულია როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ. ევროკავშირის მხარდაჭერით კვლავ გრძელდება რადიაქტიური ნარჩენების მართვის მიმართულებით სისტემური ნაბიჯების გადადგმა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ღონისძიებების განხორციელება. პარლამენტში განიხილება ,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომელიც შევიმუშავეთ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების შესაბამისად და მის მიზანს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სისტემების გაძლიერება წარმოადგენს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფაქტია ევროპული პერსპექტივის მინიჭება. რის შემდგომაც კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობა.
„ერთი წლის განმავლობაში დამტკიცდა არაერთი სტრატეგიული დოკუმენტი. საქართველოს პარლამენტს წარედგინა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისი 3 ახალი კანონის პროექტი და 5 საკანონმდებლო ცვლილება; საქართველოს კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივასა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დირექტივას; დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 116 ათასი ჰექტრით. გაძლიერდა ლაბორატორიული შესაძლებლობები; დამტკიცდა სოფლის მეურნეობის განვითარების ექვსი ახალი სახელმწიფო პროგრამა; სურსათის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებებით საქართველოს კანონმდებლობა დაახლოვდა ევროკავშირის 19 სამართლებრივ აქტთან. მომზადდა აკვაკულტურის განვითარების სტრატეგია და დამტკიცდა აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონები. გაძლიერდა ჩვენი უწყებების შესაძლებლობები, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფები. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ხელისუფლების ურყევ ნებას, რომ ევროკავშირი და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი საერთო არჩევანია და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მთავრობის მთელ გუნდს, საქართველოს პარლამენტს, განსაკუთრებით ორ კომიტეტს – აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებს აქტიური თანამშრომლობისთვის.