ოთარ ნადარაია - მოკლე ვადაში რყევები გამორიცხული არ არის, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ლარი აშშ დოლართან მიმართებით 2.7-ის ფარგლებში გამყარდება
მოკლევადიან პერიოდში ქართული ეროვნული ვალუტის კურსის რყევა გამორიცხული არ არის, თუმცა გრძელვადიან პერიოდში „თიბისი ბანკი“ ინარჩუნებს თავის პროგნოზს და ვარაუდობს, რომ ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.7-ის მიმართულებით გამყარდება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციების ამოქმედების შესაძლო გავლენა განიხილეს, დროებით უქმდება ფრენები, რუსეთის სანიტარული სამსახური საქართველოდან იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლს აძლიერებს.
ამასთან, დღეს ლარის ოფიციალური კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ისტორიულ პიკზე – 2.83-ზე დაფიქსირდა.
ოთარ ნადარაია ვარაუდობს, რომ ლარის კურსის რყევა მოკლევადიანია, რადგან მთლიანობაში რუსეთის სანქციებით გამოწვეული შოკი არ არის ძალიან დიდი.
„მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, ვინარჩუნებთ ჩვენს პროგნოზს. რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერიოდში მერყეობა გამორიცხული არ არის და ეს დამახასიათებელია, მათ შორის ემოციური ფონის გათვალისწინებით. თუმცა ვინარჩუნებთ პროგნოზს, რომელიც „თიბისი ბანკის“ ეკონომიკურ მიმოხილვაში დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნდა და ერთი აშშ დოლარის ლართან მიმართება დაახლოებით 2.7 ლარია. პროგნოზს რადენიმე მიზეზის გამო ვინარჩუნებთ. პირველი – ეს არ არის შემთხვევა, როცა რამდენიმე წლის წინ დოლარი ყველგან გამყარდა, სასაქონლო ფასები დაეცა და ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებმა მნიშვნელოვანი ზეწოლა განიცადეს. მეტსაც გეტყვით, მოცემულ შემთხვევაში, ევრო მყარდება დოლარის მიმართ და როგორც წესი, ლარი ევროს მიმართ მეტ კავშირშია ხოლმე. გარდა ამისა, ლარი რუსეთის სანქციებამდეც მნიშვნელოვნად იყო გაუფასურებული და უკვე ქმნიდა ინფლაციურ რისკებს, რაც ასევე გასათვალისწინებელია, როგორც ამას ეროვნული ბანკი აცხადებდა“, – აღნიშნა ნადარაიამ.
მისი შეფასებით, კარგია, რომ ეს ყველაფერი ზაფხულის სეზონს დაემთხვა, როდესაც სავალუტო შემოდინება მეტი იქნება, ვიდრე გადინება.
„გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები დააგროვა, გეგმასთან შედარებით ბევრად მეტი იყიდა. მთლიანობაში თუ შევაფასებთ ამ შოკს, არ არის ძალიან დიდი“, – განმარტა ოთარ ნადარაიამ.