ოთარ ნადარაია - გარკვეულ საზომზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ლარის გამყარების შესაძლებლობა კიდევ არსებობს
ბოლო ერთი კვირაა, ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო. ამჟამად, ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი სამი ლარი და 12 თეთრი ღირს. ოფიციალური კურსით კი ერთი დოლარის ღირებულება სამი ლარი და 15 თეთრია.
ამასთან, ბოლო ერთ თვეში საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით თითქმის 30 თეთრით გამყარდა. რა ფაქტორები ამყარებს ლარს, ამ კითხვით საქართველოს პირველმა არხმა „თიბისი ბანკის“ მთავარ ეკონომისტს, ოთარ ნადარაიას მიმართა.
ნადარაიას განცხადებით, ქვეყანაში გაუმჯობესებულია უცხოური ვალუტის შემოდინებები, ამასთან 70 პროცენტითაა გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებელი, ხოლო ფულადი გზავნილები – 145 პროცენტით.
„ჩვენ გაუმჯობესებული ეკონომიკური სიტუაცია გვაქვს როგორც შემოდინებების კუთხით, ასევე ზრდის მიმართულებით. რაც შეეხება ლარის კურსს, როგორც უკვე აღვნიშნე, შემოდინებები ძალიან მაღალია, ექსპორტის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ასევე ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან მაღალი ზრდა არის“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
ამასთან, ოთარ ნადარაია კურსის გამყარებას ლარში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდასაც უკავშირებს და განმარტავს, რომ რეფინანსირების 9.5 პროცენტამდე აწევამ, ხელი შეუწყო საბანკო სექტორის მხრიდან უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზრდას.
„ამას ემატება ის ფაქტიც, რომ აპრილში, ეს იყო პირველი თვე 2019 წლის შემდეგ, როდესაც წამოიწია სავალუტო სესხებმა. რა თქმა უნდა, ზოგადად, სავალუტო სესხები რისკია, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ეს არის იგივე, რაც ინტერვენცია, ანუ დოლარის მიწოდება. წინასწარი მონაცემებით ვფიქრობ, რომ მაისში უფრო მაღალი იქნება სავალუტო სესხების მაჩვენებელი. თუმცა ვიმეორებ, სავალუტო სესხები რისკია, რადგან საბანკო სექტორში დაგროვებული იყო ჭარბი დოლარი ძალიან დიდი ოდენობით და როცა არის გაუფასურების მოლოდინები, ერთი მხრივ, ის მცირე დაკრედიტება რაც არის, ძირითადად ლარშია და მეორე მხრივ, დაზოგვა მეტად არის დოლარში. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ 5, 10 ან 100 მილიონზე, დაახლოებით 800 მილიონ დოლარზე არის საუბარი. ჩვენი სავალუტო ბაზარი კი იმდენად მცირე ბაზარია, რომ აქ შეიძლება 10 და 15 მილიონმა დოლარმა სერიოზული ბიძგი მისცეს როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით.
ზოგადად, მოლოდინების გაუმჯობესება ავტომატურად იწვევს მეტ სავალუტო დაკრედიტებას. განსაკუთრებით საუბარია გრძელვადიან სესხებზე. ანუ კორპორატიულ სექტორზე, რომელიც უფრო დიდ თანხებს სესხულობს. კორპორატიული სესხების აღდგენა ყოველთვის სავალუტო სესხების აღდგენაც არის, მსხვილი ბიზნესი ძირითადად უცხოურ ვალუტაში ოპერირებს. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ყველაფერ ამაში მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის როლი იმ გაგებით, რომ ძალიან გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა. ანუ ჩვენ გვაქვს ტენდენცია, როცა ლარი გაძვირდა და პარალელურად დოლარი, ევრო იაფდება. რაც შეეხება, რამდენად მდგრადია ეს გამყარება, ეფექტურ კურსს და ამ საზომს თუ შევხედავთ, ნამდვილად იყო გამყარების პოტენციალი, რადგან ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული. გარკვეული საზომით დღესაც შეიძლება ითქვას, რომ კიდევ არის გამყარების შესაძლებლობა, თუმცა ობიექტურობისთვის დავამატებდი, რომ თურქული ლირის თემა მაინც საყურადღებოა, ვინაიდან ბაზრის განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე კლიენტების მხრიდან წამოვიდა აპრილში განსხვავებული ქცევა, რაც იმაში გამოიხატება, რომ მეტი იყო „აპეტიტი“, ასე დავარქვათ უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე და ნაკლები – ლარში სესხის აღებაზე. ამას გაუმჯობესებულმა მოლოდინმაც შეუწყო ხელი, ასევე დოლარის საპროცენტო განაკვეთების შემცირებამ და ლარის გაზრდამ“, – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ოთარ ნადარაიამ.