ავსტრიის ქალაქ შვაცის „სილბერშტადარებაზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მალტა 1:0 დაამარცხა.
არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, “ჯვაროსნებმა” მეტოქის წინააღმდეგობა მხოლოდ 89-ე წუთზე დასძლიეს, როდესაც 10 კაცით დარჩენილებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს – გურამ კაშიამ გაიტანა და საქართველომ 1:0 მოიგო.
პენალტი თბილისის “დინამოს” კაპიტნის ოთარ კიტეიშვილის წაქცევისთვის დაინიშნა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მალტის ნაკრებთან თამაშზე პირველ არხთან კომენტარი გააკეთა.
„პირველ ტაიმი კარგად ჩავატარეთ და მიმაჩნია, რომ მინიმუმ ორ გოლს მაინც ვიმსახურებდით. მეორე ნახევარში კი კაცნაკლულები დავრჩით, რამაც შეხვედრის სცენარზე გავლენა იქონია – მალტამ თამაში შედარებით გაათანაბრა. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და წარმატებას მიაღწია. მიხარია, რომ გამარჯვებაში წვლილი მეც შევიტანე“, – ამბობს კიტეიშვილი.