ოთარ კიტეიშვილი - ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი, მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც
ევროპული გამოცემებიც წერდნენ ეროვნული ნაკრების 30 მილიონით დაჯილდოებაზე, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი, მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრმა, ოთარ კიტეიშვილმა განაცხადა.
კიტეიშვილს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარის გადაცემა რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთის განვითარებისთვის, მეტი წინსვლისა და წარმატებისთვის, რაზეც ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან დასაფასებელი ფაქტია.
„რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, არის ძალიან დასაფასებელი ფაქტი, არა მარტო ჩვენი მხრიდან, ფეხბურთელებს ვგულისხმობ, არამედ მთელი ქართველი ხალხის მხრიდან. ევროპული გამოცემები წერდნენ ამ ფაქტის შესახებ და ამის აფიშირება ხდებოდა, ეს ნათლად წარმოაჩენს, რომ ქართველებს გვიყვარს ფეხბურთი და ძალიან მაგრად შეგვიძლია გულშემატკივრობაც და მხარდაჭერაც. ვფიქრობ, ძალიან კარგი მაგალითი იყო ამის“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული წარმატების შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ 23 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გადაეცემოდა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.
დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ნაკრების წევრებმა აღნიშნული თანხა, პრემიის სახით, უკვე მიიღეს.