ოთარ კახიძე - თუ სტრასბურგის სასამართლო მე-18 მუხლის დარღვევას დაადგენს, ხელისუფლებამ მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლოს
ვანო მერაბიშვილის საქმე პირველი და ისტორიული საქმე იქნება. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური და დასაბუთებული იქნება, – ეს განცხადება ყოფილი პრემიერის ადვოკატმა და “ ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ გააკეთა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, ეს იქნება დადასტურება, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლება ვალდებული იქნება ის გაათავისუფლოს.
‘’რაც მთავარია, იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური ნიშნით დევნილი პატიმარია, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლოს”, – აცხადებს ოთარ კახიძე.
ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.