ოთარ კახიძე - საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, თუმცა გახარიას ვერ მივცემთ ფუფუნებას, რომ საზოგადოებაში არსებული კითხვები არ მოისმინოს
ოთარ კახიძე - საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, თუმცა გახარიას ვერ მივცემთ ფუფუნებას, რომ საზოგადოებაში არსებული კითხვები არ მოისმინოს

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრებიან.

მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდის სხვა წევრებთან ერთად, გახარია არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკაზე, რამაც ეკონომიკური თვალსაზრისით, ჭაობში ჩაძირა ქვეყანა და მას საზოგადოებაში არსებული კითხვების მოსმენა მოუწევს.

„საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით, მაგრამ გახარიას იმის ფუფუნებას ვერ მივცემთ, რომ არ მოისმინოს ის კითხვები, რომლებიც საზოგადოებას აქვს. პირველ რიგში მისი პასუხისმგებლობაა ახალგაზრდების თვალების ამოთხრა, რომლებიც აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების“ მიერ გავრილოვის ჩამოყვანასა და დარბაზში დასმას.

ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. გახარია იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, თუმცა, ეს არის ფორმალური პოზიცია, რადგან სინამდვილეში, ივანიშვილის თანაშემწეა. გადაწყვეტილების მიმღები არ არის, მაგრამ ივანიშვილის გუნდის სხვა წევრებთან ერთად, ის არის პასუხისმგებელი იმ პოლიტიკაზე, რამაც ჭაობში ჩაძირა ქვეყანა ეკონომიკურად. ის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი დაბალია, სიღარიბე და უმუშევრობა არის კვლავ ქვეყნის მთავარი გამოწვევები, ეს არის გახარიასა და ივანიშვილის სხვა მარიონეტების პასუხისმგებლობა და „დამსახურება“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხვალ პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგება.