ოთარ კახიძე - ქუთაისში მასშტაბური და თავხედური კორუფციის ფაქტები დღემდე გამოუძიებელია
„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კახიძე ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ 2015-2016 წლებში ქუთაისის მერიამ გარე განათების ქსელისთვის, ტენდერის გამოცხადების გარეშე, 4 200 ერთეული სანათი მოწყობილობა შეისყიდა.
კახიძის მტკიცებით, 90-ვატიან დიოდურ სანათში მერიამ 275 ლარი გადაიხადა, მაშინ, როცა ტენდერის მეშვეობით 150-ვატიანი, ანუ უფრო ძლიერი სანათი ჯდებოდა 112 ლარი.
„თითო სანათში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი, რაც 4 200 ერთეულზე შეადგენს 684 000 ლარს. ქალაქში, სადაც მოუწესრიგებელია საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, ასეთი მასშტაბური და თავხედური კორუფციის ფაქტები დღემდე გამოუძიებელია. აღნიშნული ნიშნავს, რომ პროკურატურა ხელს აფარებს დამნაშავეებს, რისი მოტივიც შესაძლოა იყოს კორუფციული გარიგება ან არჩევნებზე კორუმპირებული ჩინოვნიკების გამოყენება. ეს ყველაფერი დასრულდება 31 ოქტომბერს და ქვეყანაში მოვა გარდამტეხი ცვლილებები“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.