ოთარ კახიძე - „ქართულმა ოცნებამ“ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი საზოგადოების მასხრად აგდებისა და დაცინვის ფონზე წარმართა
„ევროპული საქართველო“ მთავარი პროკურორის განხილვის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესი არადემოკრატიულად წარიმართა.
მისივე თქმით, უმრავლესობამ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მოთხოვნები არ გაითვალისწინა, პროცესი არაგამჭვირვალედ წარმართა.
„ქართულმა ოცნებამ“ მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი წარმართა საზოგადოების მასხრად აგდების, დაცინვის ფონზე. მათ თანამდებობაზე დატოვეს თეა წულუკიანი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს წესით ყველა წინა მთავარი პროკურორის შერჩევისთვის, მაგრამ მაინც ასე მოიქცნენ და მთელმა სამოქალაქო პროცესმა უნდობლობა გამოუცხადა ამ პროცესს. ჩვენ მოვითხოვეთ საპროკურორო სხდომის გახსნა, რომელიც არ დააკმაყოფილეს. ჩვენ ვითხოვდით, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი მაინც დაეცვათ. ისიც კი არ გააკეთეს. ბოლო ფაზა ეს იყო დარჩენილი მთავარი პროკურორობის კანდიდატის გასაუბრება, პოლიტიკურ ჯგუფებთან. მოვითხოვეთ, ბიუროზეც დავაყენეთ საკითხი, რომ ხუთშაბათს დანიშნულიყო გამართულიყო ეს სხდომა, რათა მომზადებულიყო შესაბამისი კითხვები, საზოგადოებას ეხილა პროკურორის პასუხები იმ კითხვაზე, რომელიც არსებობს. ესეც კი არ დააკმაყოფილეს. პრაქტიკულად ფორსირებულ რეჟიმში მიყავთ ეს პროცესი. გუშინ უნდა გამართულიყო შეხვედრები, დღეს უკვე კომიტეტი, ამავე დროს დღესვე უნდათ კენჭისყრა. ეს არის საზოგადოების მასხრად აგდება”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.