ოთარ კახიძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ოპოზიციამ ჩააგდო შესწორებები, არის ტყუილი
ოთარ კახიძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს ოპოზიციამ ჩააგდო შესწორებები, არის ტყუილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე განმარტავს, თუ რა შესწორებების შეტანას ითხოვდნენ ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაციის ტექსტში.

„ევროპარლამენტარები ითხოვდნენ ტექსტში იმ შესწორებების შეტანას, რომელიც ეხებოდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების აღნიშვნას, რომ მომავალში ეს დარღვევები აღარ განმეორდეს. ეხებოდა მედიის წარმომადგენლებისა და მედიის მფლობელების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს და გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ მართლმასაჯულება მედიის წინააღმდეგ არ უნდა იყოს გამოყენებული. ეხებოდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიმდინარე საქმეებს, რომლებიც ახლა ჩამოიღეს თაროებიდან, ეხებოდა ჩვენი ვქყენისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და სურვილს, ეს პროექტი განხორციელდეს“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძის განმარტებით, ყველა ეს შესწორება „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო.

„გაუგებარიც არის მოტივაცია, რატომ მოიქცნენ ასე, ვინაიდან შესწორებების ტექსტი ეხებოდა ვითარების აღწერას და სურვილს, რომ არ გაგრძელდეს ასე. რა შეიძლება საწინააღმდეგო გქონდეს ამ ტიპის მეგობრული შენიშვნების, თუ თხოვნების, გაუგებარია. ამ თავხედობას და უტიფრობას მოყვა ევროპარლამენტის პასუხი. პროცედურა არის ასეთი – ჯერ კენჭი ეყრება ევროპარლამენტარების მხრიდან, შემდგომ კენჭი ეყარა ქართული მხარის წარმომადგნელებში და მხარი დავუჭირეთ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო, მაგალითად, ანაკლიის შესწორება. დავანებოთ თავი გიგი უგულავას და პოლიტიკურ საქმეებს. ანაკლიის პორტზე ეწერა, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონალური სატრანსპორტო ცენტრი, რომ 300 000 ევრო აქვს ევროკავშირს უკვე ინვესტირებული და სურვილია, რომ ეს იდეა განხორციელდეს.

ეს რატომ უნდა ჩააგდო? თუ მართლა მავნებელი და შენი ქვეყნის მტერი არ ხარ. ამიტომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უტიფარი განცხადებები, თითქოს ოპოზიციამ ჩაუგდო შესწორებები, არის ტყუილი. პირველად საქართველო-ევროკავშირის ისტორიაში, ჩავარდა საერთო დეკლარაცია. ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ევროპარლამენტარებმა დააყენეს“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.