ოთარ კახიძე „ნაცმოძრაობის“ მომხრეების საპასუხოდ - პარლამენტში მომიტინგეების „მშვიდობიანად“ „ხელაწეული“ შესვლის მოწოდება მისაღებია? და ამას ვინც არ ეთანხმება, ბიძინას მოსყიდულია?
კატეგორიულად ვემიჯნები, ახლაც და სხვა დროსაც გავემიჯნები მსგავს უპასუხისმგებლო მოწოდებებს და ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა ვერ მაიძულებს, სიმართლის ნაცვლად, ტყუილი ვილაპარაკო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე „ფეისბუქზე“ წერს.
კახიძე მის გუშინდელ ფეიქბუქსტატუსზე „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების კრიტიკას ეხმაურება.
კახიძის თქმით, სოფო ვერძეულის მიერ 20-21 ივნისის მოვლენებზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე მისი პოზიციის დაფიქსირებისას მთავარი თავდასხმა „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისგან მესამე პუნქტზე მიიღო, რომელიც ნიკა მელიას მოწოდებას ეხება.
„დიდი ამბები გამოუწვევია ჩემ გუშინდელ სტატუსს, სადაც სოფო ვერძეულს ვპასუხობდი გავრილოვის ღამის მისეულ ანალიზზე.
მთავარი თავდასხმა „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისგან მივიღე მესამე პუნქტზე, რომელიც მელიას მოწოდებას ეხება.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ აღნიშნული მოწოდება იყო დანაშაული, რაშიც არ ვეთანხმები, რადგან ძალადობისკენ მელიას არ მოუწოდებია, ამბოხი და გადატრიალებაც სრული ნონსენსია სამართლებრივად.
ჩემი ეს პოზიცია ნათლად დავაფიქსირე იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე, სადაც მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილებოდა.
ასევე დავაფიქსირე სასამართლოში, სადაც ვიყავი მელიას თავდები და ვისაუბრე წარდგენილი ბრალდების აბსურდულობაზე.
მაგრამ ბუნებრივია, მაქვს ჩემი აზრი და მისი ქმედების პოლიტიკური შეფასება.
მე ვამბობ, რომ მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას ამით მისცა საბაბი, რომ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა.
და „ნაცმოძრაობის“ პოზიცია როგორია?
პარლამენტში მომიტინგეების „მშვიდობიანად“ „ხელაწეული“ შესვლის მოწოდება მისაღებია? და ამას ვინც არ ეთანხმება, ბიძინას მოსყიდულია?
კატეგორიულად ვემიჯნები, ახლაც და სხვა დროსაც გავემიჯნები მსგავს უპასუხისმგებლო მოწოდებებს და ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა ვერ მაიძულებს, სიმართლის ნაცვლად, ტყუილი ვილაპარაკო.
გავრილოვის ღამის მოწყობაში დამნაშავეა ივანიშვილის ხელისუფლება და მინისტრი გახარია. მელიას მოწოდება კი არის უპასუხისმგებლობა და მძიმე პოლიტიკური შეცდომა.
„მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად, ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“,- წერს კახიძე.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან გახდა ძალადობრივი და პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო.