ოთარ კახიძე - კრახი, რაც ხელისუფლებას ელოდება არჩევნებში, სექტემბერში იქნება თუ ნოემბერში, არის გარდაუვალი
უნდათ, გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. იმედია, ამ განზრახვას მართლა არ მიჰყვებიან, რადგან ეს იქნება სერიოზული გამოწვევა საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ არჩევნების თარიღის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მათი მხრიდან გადადგმული უგუნური ნაბიჯები, რამაც ეკონომიკა დააზარალა და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისედაც გაჭირვებაში იყვნენ, კიდევ უფრო გაურთულა მდგომარეობა, დააკარგვინა სამსახურები და ასე შემდეგ, ანტისამთავრობო განწყობას ზრდის. როგორც ჩანს, ხედავენ ამ განწყობას, ატარებენ შიდა კვლევებს, უყურებენ საზოგადოების დამოკიდებულებას და იციან, რომ გარდაუვალი მარცხი ელით. უნდათ, რომ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. იმედია, ამ განზრახვას მართლა არ მიჰყვებიან, რადგან ეს იქნება მართლა სერიოზული გამოწვევა საზოგადოებისთვის. „ქართული ოცნება“ უნდა ჩანაცვლდეს დემოკრატიული, მშვიდობიანი არჩევნების საშუალებით, შემოდგომაზე, ოქტომბერში, როგორც ეს არის განსაზღვრული კონსტიტუციით“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
კითხვაზე, რამდენად რეალური შეიძლება, იყოს არჩევნების დეკემბერში ჩატარების საკითხი, ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ ამის მოლოდინი არ აქვს.
„მე ამის მოლოდინი არ მაქვს, რადგან ძალიან დიდი გამოწვევა იქნება ხელისუფლებისთვის, ჩაებღაუჭონ, მოიმიზეზონ ეპიდვითარება და გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა. ეს იქნება მიუღებელი და ამას არ დაუშვებს ქართული საზოგადოება. თუმცა, ახლა „ქართულ ოცნებისგან“ კეთილგონივრულ ნაბიჯებს არ ველი და ვნახოთ, შეიძლება, ამ გამწვავებაზეც წავიდნენ. თუმცა, ეს მათთვის უარესი იქნება, რადგან კრახი, რაც მათ ელით არჩევნებში, სექტემბერში იქნება თუ ნოემბერში, არის გარდაუვალი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ თუკი ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება პირობითად, დეკემბერში.