ოთარ კახიძე - ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ, მეორე ტური ვერ გამოასწორებს პროპორციულ ნაწილში ხელისუფლების მიერ მოპარულ ხმებს
ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ, მეორე ტური ვერ გამოასწორებს პროპორციულ ნაწილში ხელისუფლების მიერ მოპარულ ხმებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ საარჩევნო უბნების მეოთხედში ხმების 12 პროცენტი გააყალბა.
„მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უბნების მეოთხედში, 969 უბანში არჩევანი არა კაბინაში, არამედ უბნის გარეთ კეთდებოდა, ანუ გამყალბებლები ხაზავდნენ ბიულეტენს და პირდაპირ ჩასაგდებად ატანდნენ. ეს არაა არჩევნები. „ქართული ოცნების“ მხრიდან მობილიზებულია 230 000 ხმა. წარმოიდგინეთ, ეს არჩევნებია, როცა ხმას გარეთ აძლევენ და შემოხაზულ ბიულეტენს ატანენ? იმაზე აღარ ვლაპარაკობ, ერთიანები რომ ოთხიანებად გადაწერეს და ხუთიანები რვიანებად. არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ სწორედ ეს დარღვევები აყენებს და არა – რომელიმე პარტია. ჩვენ როცა ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს დარღვევები.
რამდენ ხმას მოიკლებენ? მოიკლებენ 230 00ხმას? უბნების მეოთხედში 12 პროცენტი აქვთ მოპარული. პირდაპირ ვამბობ, რომ როდესაც უბნების მეოთხედში არჩევანი კეთდება გარეთ, აქ კორექტირებაზე არაა საუბარი. ჩვენ ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ უბნების მეოთხედზე კენჭისყრა გარეთ გაიმართა, ამიტომ ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ. მეორე ტური ვერ გამოასწორებს პროპორციულ ნაწილში ხელისუფლების მიერ მოპარულ ხმებს. ეს არ არის გამოსავალი“, – განაცხადა კახიძემ.