ოთარ კახიძე - კელი დეგნანის განცხადება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის
მახსოვს, რომ ანალოგიური შინაარსის გზავნილი მიიღო პრეზიდენტმა სააკაშვილმა და წინა ხელისუფლებამაც, რაც ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უნდა მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც ოთარ კახიძემ განაცხადა, საქართველოს სჭირდება დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები და შემდგომ ხელისუფლების გადაბარება ისე, რომ ნაკლები ზიანი მიადგეს სახელმწიფოს.
„გზავნილი არის ანალოგიური შინაარსის, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ყველას გვახსოვს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ 2020 წელს ისინი არჩევნებში დამარცხდებიან და ამ დამარცხებას უნდა მოჰყვეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება“, – განაცხადა კახიძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ელჩობის კანდიდატმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყანაში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.
„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული საკანონმდებლო ორგანოს წინ წაწევას, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებასა და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.