ოთარ კახიძე გია ვოლსკის - „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ და დღეს თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ისინი არ მონაწილეობდნენ იმ საშინელ რაღაცებში და ჩვენ ვმონაწილეობდით?
ოთარ კახიძე გია ვოლსკის - „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ და დღეს თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ისინი არ მონაწილეობდნენ იმ საშინელ რაღაცებში და ჩვენ ვმონაწილეობდით?

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ და დღეს თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ის ხალხი არ მონაწილეობდა საშინელ რაღაცებში და ჩვენ, აქეთა ფლანგი ვმონაწილეობდით, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, დღეს კენჭისყრაზე დგება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურა, რომელიც წინა ხელისუფლების პერიოდში პროკურატურაში მაღალ თანამდებობას იკავებდა.

„ამ განცხადებების შემდეგ, დარბაზში გამოდის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც მაშინ, როდესაც მე იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, ის პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე იყო, შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ მოადგილესთან ერთად. აქ როგორ არის, მე ვმონაწილეობდი იმ საშინელ რაღაცებში, თქვენ რომ ჩამოთვალეთ და ვიღაცები, ვინც დღეს თქვენზე მუშაობენ, ამაში არ მონაწილეობდნენ? ასე გაქვთ დალაგებული და გაყოფილი, თუ როგორ არის? „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები რომ იყვნენ და პარლამენტში ყველა კანონს ხმას აძლევდნენ, დღეს რომ თქვენი პარტიული კოლეგები არიან, ის ხალხი არ მონაწილეობდა და ჩვენ, აქეთა ფლანგი ვმონაწილეობდით? ეს რანაირად გაქვთ დალაგებული მაინტერესებს. ჩემი სკოლელები 51-ე სკოლის უფროსკლასელები – თამარ ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი 9 აპრილს ნიჩბებით რომ დაჩეხეს და გაზით გაგუდეს, ამის შემდეგ რომ იმავე რეჟიმის მსახური იყავით, ეს როგორ ჯდება ან თქვენ მორალს ვის უკითხავთ“ – მიმართა კახიძემ გია ვოლსკის.