ოთარ კახიძე - გაუგებარია, გიორგი მარგველაშვილი რატომ არ ასახელებს არჩევნების კონკრეტულ თარიღს
გაუგებარია, საქართველოს პრეზიდენტი ამდენი ხნის განმავლობაში, რატომ არ ასახელებს საპრეზიდენტო არჩევნების კონკრეტულ თარიღს, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს კონკრეტული თარიღი, რათა დაგეგმოს ყველა შესაბამისი ღონისძიება.
„ქართული საზოგადოება იმსახურებს, გაიგოს, როდის არის საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნებს დააკვირდება ყველა ადგილობრივი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია და მათთვისაც მნიშვნელოვანია, არჩევნების თარიღი. ეს მნიშვნელოვანია როგორც მედიისთვის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. გაუგებარია, რატომ არ ასახელებს პრეზიდენტი ამდენი ხნის განმავლობაში კონკრეტულ თარიღს. ვუერთდებით სამოქალაქო სექტორის მოწოდებას, რომ პრეზიდენტმა დროულად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.