ოთარ კახიძე - „ევროპული საქართველო“ არსად ერთიანდება, როგორც კი მეორე ტური დასრულდება, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით
ოპოზიციონერი დეპუტატის, ოთარ კახიძის მტკიცებით, „ევროპული საქართველო“ არსად ერთიანდება, დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად რჩება და გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერით „ევროპის სახალხო პარტიის“ ფარგლებში დადებულ პირობას ასრულებს.
ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მემორანდუმი გააფორმა, რომლის საფუძველზე მხარს ერთმანეთის კანდიდატებს მხარს მეორე ტურში დაუჭერდნენ.
„ეს წინასწარ იყო გამოცხადებული და კითხვას ისე სვამთ, თითქოს, სიურპრიზი იყო. ჩვენი დადებული ვალდებულება და პირობაა, რომელსაც პირნათლად ვასრულებთ. სააკაშვილს არ უთქვამს, რომ ვერთიანდებით. ჩვენ განსხვავებები გვაქვს, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილის კანდიდატი დავამარცხოთ. ეს არის მეორე ტურისთვის ერთი ფრონტის გახსნა, მაგრამ არ არის გაერთიანება. „ევროპული საქართველო“ არსად ერთიანდება და დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად რჩება. როგორც კი მეორე ტური დასრულდება და ივანიშვილის კანდიდატი დამარცხდება, მაშინვე ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოვითხოვთ. პირობას ვასრულებთ, რომელიც დავდეთ. პირობის თანახმად ერთმანეთს აღარ ვაკრიტიკებთ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან ოპონირების რეჟიმში არ ვართ. მას მხარს ვუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის დამღუპველია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პრეზიდენტი ვაშაძე გახდეს და არა – ზურაბიშვილი”, – განუცხადა კახიძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა. სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი“.