ოთარ კახიძე - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალურად უნდა გავაღრმავოთ
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი სუვერენიტეტის დაცვა დამოკიდებულია ჩვენი პარტნიორების მტკიცე და ურყევ მხარდაჭერაზე, რადგან ჩვენ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და ამიტომ მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატები არის და უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ჩვენი უსაფრთხოება დაცული იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის მიღებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააღრმავოს აშშ-სთან თანამშრომლობა.
„ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაღრმავოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი თანამშრომლობა. ის, რომ მხარდამჭერი დოკუმენტი ორპარტიულია, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების არა რომელიმე კონკრეტული ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს, არამედ მთლიანად მთელი პოლიტიკური კლასის. ეს ნიშნავს, რომ მხარდაჭერა მდგრადი იქნება და ჩვენ დასავლური ინტეგრაციის გზაზე ურყევად უნდა ვიაროთ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა რაც შეიძლება მტკიცე უნდა გავხადოთ. მე ვისურვებდი, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით უფრო აქტიურად მუშაობდეს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ კავშირებს აღრმავებდეს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.