ოთარ კაჭკაჭაშვილი - პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში კერძო სექტორი სათანადოდ ჩართული არ არის
არ შეიძლება არ დაინახო, თუ როგორ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში პატიმართა მიმართ მიდგომა, მაგრამ როცა რაღაცას ვაღწევთ, მეტის გაკეთების სურვილი ჩნდება, – ამის შესახებ საადვოკატო ბიურო „OK&CG–ის დამფუძნებელმა და ადვოკატმა, ოთარ კაჭკაჭაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ვფიქრობ, პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში კერძო სექტორი სათანადოდ ჩართული არ არის და საჭიროა, სხვადასხვა პიარ–აქციებით სახელმწიფომ კერძო საწარმოები ამ პროცესში აქტიურად ჩართოს“, – განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.
მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომები არსებობს.
„მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო შენობებში მხოლოდ ყოფილი პატიმრების მიერ შექმნილი კერძო საწარმოების მიერ დამზადებული ავეჯის გამოყენებაა შესაძლებელი. დიდ ბრიტანეთში ყოფილ პატიმარს უფლება აქვს, მათ შორის, სასამართლოში არ თქვას, რომ ის ყოფილი პატიმარია, რათა საზოგადოებაში ასეთი პირების მიმართ არსებული სტიგმა დაძლეულ იქნას და სამსახურში აყვანისას ეს ხელშემშლელ პირობად არ განიხილებოდეს“, – განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროსა და ამ სისტემაში შემავალი ორგანიზაციების მხრიდან აქტიურობა თვალსაჩინოა, მაგრამ აქტივობა არ არის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომელსაც სპეციალური პროექტის შესაბამისად შეუძლია, ესა თუ ის ორგანიზაცია რიგი გადასახადებისგან გაათავისუფლოს, თუ ისინი გარკვეული რაოდენობის ყოფილ პატიმარს დაასაქმებენ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მცირე საწარმოების ამოქმედება, ოთარ კაჭკაჭაშვილმა განაცხადა, რომ ეს გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, რადგან მცირე საწარმოების შექმნა ინფრასტრუქტურის მოწყობას მოითხოვს და ყველა მეწარმეს არ შეუძლია, თავისი საწარმო სისტემის შიგნით განათავსოს.
„შესაძლოა, ეს რთული იყოს და ამგვარ პროექტთან შეჭიდება ყველა მეწარმემ ვერ გაბედოს, მაგრამ თუ მეწარმე თავის საწარმოში ყოფილ პატიმრებს დაასაქმებს და ამისთვის გარკვეულ საგადასახადო შეღავათს მიიღებს, ეს საქმე წახალისდება“, – განაცხადა ოთარ კაჭკაჭაშვილმა.