ოთარ გრიგოლია - ვხედავთ ცხად განზრახვას, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე
თბილისის საკრებულოს ფრაქციის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დებატებმა საქართველოში, შესაძლოა, პოლარიზაცია კიდევ უფრო გაზარდოს.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დეკლარაციაში წარმოდგენილი ზოგიერთი ფაქტი არასწორი ან გაზვიადებულია. კონგრესი ამ დეკლარაციით ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციაზე, რაც საქართველოსთვის რეალური პრობლემაა. თუმცა დღეს მიმდინარე დებატებმა, შესაძლოა, პოლარიზაცია გაზარდოს და გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დეკლარაცია პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროსაბჭოს კონგრესი დაინტერესებულია, გავლენა მოახდინოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. ეს კი არ გააძლიერებს დემოკრატიას არც საქართველოში და არც კონგრესში. ვხედავთ ცხად განზრახვას, კონგრესმა გავლენა მოახდინოს არჩევნებზე“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ოთარ გრიგოლიას განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობის ერთგულია.
„ჩვენ თანამშრომლობისა და დიალოგის ერთგული ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ გრძელ გზას ევროპული მომავლისკენ, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. იმავდროულად, ვიმუშავებთ იმ რთული პერიოდის დასაძლევად, რომელიც გამოწვეულია უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციით“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ინფორმაცია თბილისის საკრებულოს პრესსამსახურმა გაავრცელა.