ოთარ დანელია „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ეროვნული ბანკის საქმიანობაში ეჭვს ვერ შევიტან
ოთარ დანელია „თიბისი ბანკის“ საქმეზე - ეროვნული ბანკის საქმიანობაში ეჭვს ვერ შევიტან

ეროვნული ბანკის საქმიანობაში ეჭვს ვერ შევიტან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, კანონი არის უზენაესი და ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ის საფუძველი, რასაც ეროვნული ბანკის გუშინდელი განცხადება გვაძლევს, გარკვეული გარემოებებით არის განპირობებული. შესაბამისად, მე ვერ შევიტან ეჭვს მათ საქმიანობაში. ვფიქრობ, ყველა მხარეს ექნება თავის სიმართლე და პოზიციები დააკავშირონ. რაც შეეხება ანაკლიასთან კავშირს, ეს ნამდვილად უსაფუძვლოდ მიმაჩნია, რადგან მთავრობა არის ამ პროექტის ხელშემწყობი, თავის დროზე მთავრობამ ბევრი ღონისძიება გაატარა ამ პორტის მშენებლობის დაწყებისთვის, ამიტომ ვერ ვხედავ საფუძველს. ვფიქრობ, უფრო პოლიტიკური სპეკულაციის საგანია, ასეთ ამბებს თან სდევს ხოლმე პოლიტიკური ინტერესების თანხვედრა და ყველა სათავისოდ იყენებს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. უწყების  ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.