ოთარ დანელია - სოფლის მეურნეობის დარგში თანხების ათვისებას პრობლემა შეუქმნა უწყების შერწყმის პროცესმა
ოთარ დანელია - სოფლის მეურნეობის დარგში თანხების ათვისებას პრობლემა შეუქმნა უწყების შერწყმის პროცესმა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას განცხადებით, 2018 სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სფეროში საბიუჯეტო თანხებიდან 83 პროცენტი იქნა ათვისებული.

როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, საბიუჯეტო თანხების ათვისება ყოველთვის გამოწვევაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ეს ობიექტური გარემოებიდან გამომდინარეობს.

დეპუტატის განმარტებით, სოფლის მეურნეობის დარგში თანხების ათვისებას პრობლემა შეუქმნა უწყების შერწყმის პროცესმა და ოპტიმიზაციამ.

„მათ შორისაა სტრუქტურული ცვლილებები. ბუნებრივია, ეს ობიექტური გარემოებები შემაფერხებელია. თუმცა, ამ პირობებში 83 პროცენტი ნორმალური შესრულებაა. ძირითადი ფაქტორი შეფერხების ისევ ტენდერებია. ამ მიმართულებით სისტემის დახვეწაზე უნდა ვიზრუნოთ, რადგან ეს მხოლოდ ერთი უწყების პრობლემა არაა. ამ თვალსაზრისით მეტი დაზღვევის მექანიზმი უნდა იყოს, რადგან არის შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერი თუ ნაკლები გამოცდილების კომპანიები შემოდიან და შემდეგ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, რის გამოც პროექტები ზიანდება“, – აცხადებს დანელია.

საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარე წლის ბიუჯეტის სამი თვის შესრულების თაობაზე ინფორმაციას დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს.