ოთარ დანელია - მხარს ვუჭერ პროპორციულ არჩევნებს, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ნაწილი ვიყავით უმრავლესობის თითოეული წევრი
მხარს ვუჭერ პროპორციულ არჩევნებს, რადგან ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ნაწილი ვიყავით უმრავლესობის თითოეული წევრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა.
როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, უმრავლესობამ აიღო პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ვალდებულია ეს პირობა შეასრულოს.
„რაც შეეხება ამ განხილვებს, ყოველთვის შეიძლება, თუმცა ეს განხილვები ვერ ვხვდები ახლა რატომ დადგა დღის წესრიგში. წინააღმდეგობა მუდამ იყო გუნდში, მაგრამ გუნდური გადაწყვეტილება მიღებული იყო. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც გუნდურია. იმედი მაქვს, არ ჩავარდება, რადგან ეს იქნება პოლიტიკურად ძალიან ძვირი. ვინაიდან დაპირება იყო, ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება. მე ვარ მაჟორიტარი და მე უნდა ვიყო სუბიექტური, მაგრამ ვინაიდან გუნდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მეც გავითავისე, რომ უნდა გადავიდეთ პროპორციულზე“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.