ოთარ დანელია იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ რეგიონულ წარმომადგენლობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნების” პარტიული ყრილობის შემდეგ რეგიონულ წარმომადგენლობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
როგორც ჟურნალისტებს დანელიამ განუცხადა, პარტიის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებამ პოზიტიური მოლოდინი გააჩინა.
„ჩვენს კოლეგებსაც ეს დამოკიდებულება აქვთ. იმედს ვიტოვებთ, რომ გაცილებით მეტი აქტიურობა იქნება მთელი რიგი მიმართულებით. მათ შორის, რეგიონალურ ნაწილში და რეგიონალურ პარტიულ წარმომადგენლობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა”, – აცხადებს დანელია.
დეპუტატის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი პარტიული აქტიურობა და ჩართულობა უნდა იყოს.
“განცხადებას ფუჭად არ ვაკეთებ, გარკვეული ტენდენციები არსებობდა და პოზიცია პლენარულ სხდომაზე დავაფიქსირე. მოცემულობამ და გარკვეულმა ცვლილებებმა მოლოდინი გააჩნია, რომ პრევენცია მოხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერ ტენდენციები უკეთესობისკენ არ შეცვლილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება იქნება. ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი პარტიული აქტიურობა და მეტი ჩართულობა უნდა იყოს. რაც შეიძლება მეტი ერთსულოვნება უნდა იყოს, რადგან ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა”, – დასძინა დანელიამ.
ოთარ დანელიამ თებერვალში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მარტვილში პოლიტიკური კრიზისი მწიფდებოდა.
დანელიამ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს რეაგირებისკენ მოუწოდა.