ოთარ დანელია იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც 7,5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა განაპირობა
მარტვილის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რამაც 7,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა განაპირობა.
როგორც დანელიამ განაცხადა, ბოლო ორი დღის განმავლობაში ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, საიდან მოვიდა ეკონომიკური ზრდა, რას ნიშნავს თვის ჭრილში, წლის ჭრილში, კვარტალურში და ა.შ.
„ძალიან მნიშვნელოვანია მიღწევების ქრონოლოგიის გახსენება, გლობალური საერთაშორისო ხელშეკრულებების, რომელიც „ქართული ოცნების“ მონაპოვარია. ეს გახლავთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, რამაც საშუალება მოგვცა საქართველოსთვის და ქართული პროდუქტისთვის გახსნილიყო ევროკავშირის ბაზარი. ამას მალევე მოჰყვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან. ამან კიდევ უფრო გაზარდა ქართული პროდუქტის კონკურენტუნარიანობისა და რელიზაციის საშუალებები. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პირობები საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების საკითხში და ესეც რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა“ – განაცხადა დეპუტატმა.
ოთარ დანელიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში მატარებლით ტვირთის შემოტანაზე და ამ პროექტს რეგიონალური მნიშვნელობის უწოდა.
„ჩინეთიდან დღეს შესაძლებელია მატარებლით ტვირთის შემოტანა სულ რაღაც ათ დღეში. სწორედ მამუკა ბახტაძე იყო ამ პროექტის ხელმძღვანელი და მისი ძალისხმევით განხორციელდა ის. უმნიშვნელოვანესია ასევე ხაზი გავუსვათ საგადასახადო შეღავათებს, დღგ-ს დაბრუნების საკითხს, იმ ინიციატივებს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით“ – განაცხადა დანელიამ.
ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად დანელია ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს ასახელებს. მისი თქმით, 2017 წელს, ტურიზმიდან საქართველოს ბიუჯეტში 2.7 მილიარდი დოლარის შევიდა, მიმდინარე წლის პროგნოზით კი ეს ციფრი 3 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
„ეს არის დარგი, რომლესაც აქვს ძალიან კარგი და დიდი პოტენციალი, მათ შორის რეგიონებში. ასევე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება აუცილებელია იყოს აგროტურიზმი, რომელშიც ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს ჩართული და მნიშვნელოვან სწრაფ ეფექტს მოგვცემს ეკონომიკაში, რეგიონულ და სოფლის განვითარებაში“ – განაცხადა დანელიამ.
რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებელს, დანელიას თქმით, 2017 წელს 76 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტი განხორცილდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა.
„ჩვენ ტრადიციული ბაზრებიდან დავიწყეთ დივერსიფიცირება ახალ, ალტერნატიულ ბაზრებზე, ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტის მაჩვენებლები. ბუნებრივია, ჩვენი მეწარმეები თვითონაც ძალიან აქტიურობენ და 30-მდე ქართული ღვინის სახლია გახსნილი მხოლოდ ჩინეთში. ეს არის სწორედ ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული შედეგები“ – განაცხადა დეპუტატმა.