ოთარ ანგურიძე - საქართველოს დაწინაურება და მოწინავე პოზიციების შენარჩუნება საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
საქართველოს დაწინაურება და მოწინავე პოზიციების შენარჩუნება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ განაცხადა.
ანგურიძე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ეგიდით ჩატარებული კვლევის თანახმად მომზადებულ რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოეხმაურა. რეიტინგში, საქართველო პირველ პოზიციაზე დასახელდა. საქართველომ 12 ინდიკატორიდან ცხრა ინდიკატორში საუკეთესო შეფასება მიიღო. ამასთან, 2018 წლის რეიტინგთან შედარებით ქვეყნის შეფასება და სარეიტინგო ქულა 11 ინდიკატორში გაუმჯობესდა.
ანგურიძის შეფასებით, სწორედ ასეთი რეიტინგები ქმნიან ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება ინვესტორთა ქცევაზე.
„საქართველოს ლიდერობა ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა მარეგულირებელი გარემო, სამეწარმეო გარემო, დამხმარე სერვისები მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და „სტარტაპებისთვის“ (start-up) სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები, სამეწარმეო უნარები, ინოვაციები, მცირე და საშუალო საწარმოების ინტერნაციონალიზაცია არის დასტური, იმისა რომ საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი უპირატესობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან შედარებით“, – განაცხადა ანგურიძემ.