ოთარ ანგურიძე - ეროვნული ბანკი, როგორც რეგულატორი, მოწოდების სიმაღლეზეა და თავის უფლებამოსილებას პირნათლად ასრულებს
ეროვნული ბანკი, როგორც რეგულატორი, მოწოდების სიმაღლეზეა და თავის უფლებამოსილებას პირნათლად ასრულებს, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ოთარ ანგურიძემ განაცხადა. მან „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული მოვლენები შეაფასა.
„საჯარო საუბარი, რომელიც ბანკის კომერციულ საიდუმლოებას ეხება, დაუშვებელია დარგის მარეგულირებლის მხრიდან კომერციულ ბანკთან შეთანხმების გარეშე. ბუნებრივია, გვენეტაძე ვერ ისაუბრებდა, ვისაც არ უნდა მოეთხოვა. მით უმეტეს, მაშინ, როცა გვენეტაძეს გააჩნია მაღალი კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობა, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ გამოცხადდა საკანონმდებლო ორგანოში და მისი კომპეტენციის ფარგლებში გააკეთა შესაბამისი განმარტებები.
განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა „თიბისი ბანკი“ სამართლებრივ ნაწილში სრულად იზიარებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ სანქციებს და მათან სადავო და გასარჩევი ეროვნულ ბანკს არაფერი აქვს“, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.
რაც შეეხება „თიბისის“ ყოფილ წარმომადგენლებს, ხაზარაძე-ჯაფარიძეს, ანგურიძის თქმით, ისინი „თიბისი ბანკს“ ოფიციალურად აღარ წარმოადგენენ და არ გააჩნიათ ბანკის სახელით საუბრის უფლებამოსილება.
„აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მათთან პოლემიკაში ბუნებრივია, არ უნდა შევიდეს, რადგან ამით შეილახება „თიბისის“ უფლებები და გავა საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოდან.
როდესაც ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, ის რეფორმები, რაც ბოლო პერიოდში ხორციელდება და არის ნამდვილად პოზიტიური და ეფექტიანი. რადგან საქმე გვაქვს დარგის წამყვან, ერთ-ერთ ყველაზე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთან, რომელმაც ძალიან კარგად იცის თავისი უფლებამოსილება და მიუხედავად მიკერძოებული პოლიტიკური შეფასებებისა და ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის მცდელობისა, ვერცერთ უკანონო, დარგისთვის დამაზიანებელი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას.
კობა გვენეტაძე საერთაშორისო დონის პროფესიონალია, რომელიც წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, „გლობალ ფაინანსმა“ (Global Finance), ცენტრალური ბანკების საუკეთესო ათ მმართველს შორის დაასახელა 2018 წელს. დღევანდელი ეროვნული ბანკის მენეჯმენტის წარმატებაზე მეტყველებს არაერთი საერთაშორისო შეფასება. სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ (FITCH) მიერ ცალსახად დადებითად არის შეფასებული კობა გვენეტაძის პერიოდში ეროვნული ბანკის საქმიანობა და მონეტარული პოლიტიკა, რაც ამავე რეიტინგში საქართველოს სარეიტინგო მაჩვენებლის „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაუმჯობესებაში აისახა.
ეროვნული ბანკი, როგორც რეგულატორი, მოწოდების სიმაღლეზეა და თავის უფლებამოსილებას პირნათლად ასრულებს. მას ჰყავს კვალიფიციური პრეზიდენტი, რომელიც ზრუნავს, როგორც მონეტარულ და საფინანსო პოლიტიკაზე ქვეყნის შიგნით, ასევე საბანკო-საფინანსო სექტორის მდგრადობასა და მისი თითოეული წევრის რეპუტაციაზე“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
მისივე თქმით, გვენეტაძის მოქმედება გამსჭვალულია მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით, შესაბამისად, მიუხედავად ხმაურისა კომიტეტზე, ის აბსოლუტურად სწორად მოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.