ოთარ ანგურიძე - კითხვებს ბადებს, რატომ დაწესდა ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის თავიდან გადასახადის ვადაზე შეღავათები
ოთარ ანგურიძე - კითხვებს ბადებს, რატომ დაწესდა ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის თავიდან გადასახადის ვადაზე შეღავათები

სწორი ეკონომიკური განვითარებისთვის ბიზნესის არც ერთი სახეობა არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში და სამართლიანი, კონკურენტული გარემო უნდა დამყარდეს, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე აცხადებს.

ანგურიძე ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადასთან დაკავშირებული შეღავათის გაუქმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის.

„ამ ფონზე, გაუგონარია რამ განაპირობა, რომ მსხვილი ბიზნესი გახდა უპირატეს მდგომარეობაში ე.წ. ოქროს სიის საშუალებით, რომლითაც მსხვილი კომპანიების ნაწილი სარგებლობდა საბაჟო გადასახადის გადავადებით. კითხვის ნიშნებს ბადებს, თუ რატომ მოხდა თავიდან ამ სიაში შემავალი კომპანიებისათვის ამგვარი შეღავათები. იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი ეკონომიკური განვითარება ბიზნესის არც ერთი სახეობა არ უნდა იყოს პრივილეგირებულ სიტუაციაში და დამყარდეს სამართლიანი კონკურენტული გარემო“, – წერს ანგურიძე.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს ახალ რეალობასთან ადაპტირებისთვის მიეცემათ 30 დღიანი ვადა.

„ეს სავსებით საკმარისი დროა და არ წარმოადგენს არანაირ ტვირთს ბიზნესისათვის“, – აღნიშნავს ოთარ ანგურიძე.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის ბრძანებით, ე.წ. ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდაზე ვადასთან დაკავშირებული შეღავათი გაუქმდა.