ოთარ ანგურიძე - ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება სამომავლოდ პოზიტიური მოლოდინების საფუძველს იძლევა
ოთარ ანგურიძე - ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება სამომავლოდ პოზიტიური მოლოდინების საფუძველს იძლევა

2019 წლის მარტსა და პირველ კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება პოზიტიური მოლოდინების საფუძველს მომავალშიც იძლევა, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

ანგურიძემ პოზიტიურად შეაფასა გარემოებები, რამაც მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას შეუწყო ხელი.

„განსაკუთრებით პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესებამ. კერძოდ, 2019 წლის მარტში საქონლის ექსპორტის 12.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 321.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი შემცირდა 12.3 პროცენტით და 740.4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა,“ – განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ.

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკურმა ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-მარტის საშუალო ზრდა 4.7 პროცენტს გაუტოლდა. 2018 წლის ეკონომიკური ზრდა 4.7 პროცენტი იყო. „საქსტატის“ ცნობით, ასევე გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მარტში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 5.3 პროცენტით (12.4 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 244.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 7.5 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 119.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.