ოთარ აბესაძის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე მერიის სამი თანამშრომელი დაიკითხა
ოთარ აბესაძის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე მერიის სამი თანამშრომელი დაიკითხა

ოთარ აბესაძის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე მერიის სამი თანამშრომელი დაიკითხა.

პროკურორ ირაკლი მარშანიას თქმით, მერიის თანამშრომლებმა ოთარ აბესაძის ინტერესი, ნებართვის აღებასთან დაკავშირებით, დაადასტურეს.

„მათი ჩვენებებით დადასტურდა, რომ ოთარ აბესაძე დაინტერესებული იყო იმაში, რომ დახმარებოდა მისთვის სასურველ პირებს მერიიდან შესაბამისი ნებართვის აღებაში. მოწმეებმა განაცხადეს, რომ ოთარ აბესაძე მისული იყო მათთან და ჰკითხა კონკრეტულად როგორ შეიძლებოდა ნებართვების აღება. ქრთამის აღების პროცესი საჯარო სივრცეში არ ხდება, მასში ძირითადად მონაწილეობს ორი პიროვნება ან შეიძლება რამდენიმე კაცით მეტი და ისინი კონსპირაციულად ახდენენ გარიგებას. ჩვენ ამ კატეგორიის მოწმეებს დავკითხავთ“,- აცხადებს პროკურორი.

ადვოკატ ნონა ფილაურის თქმით, ოთარ აბესაძემ მხოლოდ კონსულტაცია გაიარა მერიის თანამშრომლებთან, თუ რა სამსახურებიდან სჭირდებოდა მას ნებართვის აღება.

„ცალსახად დაადასტურეს მოწმეებმა, რომ არც ერთის მიმართ ოთარ აბესაძის კონკრეტულ თხოვნას ამ საკითხთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია. ქრთამის აღება ნიშნავს რაღაცა კონკრეტული სამსახურის გაწევას ქრთამის სანაცვლოდ. კონკრეტული საქმე და კონკრეტული თხოვნა ამ სამ პიროვნებას ოთარ აბესაძის მიმართ არ ჰქონიათ. ეს იყო მხოლოდ კონსულტაცია. მხოლოდ დაინტერესებისთვის ადამიანები არ ისჯებიან ქრთამის აღების განზრახვით”,- განაცხადა ადვოკატმა.

აბესაძის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა 20 აპრილს, 16:00 საათზე განახლდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა.