ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში აფეთქება მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც პოლიციაში განმარტავენ, შემთხვევა არ არის დაკავშირებული გასულ დღეებში ოსტინში მომხდარი აფეთქებების სერიასთან, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
კერძოდ, პოლიციაში აცხადებენ, რომ მამაკაცმა სერიოზული დამწვრობა მიიღო, როდესაც ამანათში აალებადი ნივთი აღმოჩნდა, თუმცა მათვე ცნობით, ეს არ ყოფილა ასაფეთქებელი მოწყობილობა.
შეგახსენებთ, რომ ამავე დღეს ოსტინის სიახლოვეს „ფედექსის“ საწყობში ამანათი აფეთქდა. რა დროსაც ერთი მოქალაქე დაშავდა. სამართალდამცავების თქმით, ამავე საფოსტო კომპანიის სხვა ოფისში კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.
გამოძიებამ ამ დრომდე ვერ დაადგინა ქალაქში მომხდარი დანაშაულის მოტივი. მომხდარს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპის თქმით, დანაშაული „ავადმყოფმა ან ავადმყოფების ჯგუფმა მოაწყო“ ოსტინში უკვე რამდენიმე დღეა პოლიციის დამატებითი ძალები და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები არიან მობილიზებულები. ისინი მარტის დასაწყისიდან ქალაქში მომხდარ თავდასხმებს იძიებენ. როგორც ცნობილია, რამდენიმე ადამიანმა ამანათი მიიღო, რომელიც შემდეგ აფეთქდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ რამდენიმე კი დაშავდა.