ოშკის ტაძარში სრულიად ახალი, სავარაუდოდ, ამ ტაძარზე უფრო ადრეული ტაძრის კვალი და უცნობი წარწერა აღმოაჩინეს
ოშკის ტაძარში სრულიად ახალი, სავარაუდოდ, ამ ტაძარზე უფრო ადრეული ტაძრის კვალი და უცნობი წარწერა აღმოაჩინეს

ოშკის ტაძარში აქამდე უცნობი წარწერა და სავარაუდოდ, მე-10 საუკუნის ტაძარზე უფრო ადრინდელი ნაგებობის კვალი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ძალიან საინტერესო სიურპრიზი გვაჩვენეს თურქმა კოლეგებმა. აბსიდაში, მის აღმოსავლეთ ნაწილში, გამოვლენილი იქნა სრულიად ახალი, სავარაუდოდ, ამ ტაძარზე უფრო ადრეული, სხვა სავარაუდო ტაძრის კვალი და ნაპოვნია ასევე სრულიად ახალი წარწერიანი ქვა, რომელიც ჯერ არ შეგვისწავლია”,- განუცხადა პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, დავით ლომიტაშვილმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული აღმოჩენით, ბაგრატის ტაძრის არქეოლოგიური სამუშაოების დროს განვითარებული მოვლენების ანალოგიური სიტუაცია იქმნება, როცა ბაგრატის ტაძარში,  თავად ტაძარზე ადრეული, დაახლოებით სამი სამშენებლო ფენა გამოვლინდა. რაც შეეხება წარწერას, დავით ლომიტაშვილის ინფორმაციით, ქვა, რომელიც ტაძრის ინტერიერის გასუფთავების დროს იქნა აღმოჩენილი, არის სრულიად ახალი ასომთავრული წარწერა, რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია მხოლოდ მისი შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. მისივე განმარტებით შესაძლოა, ახლადგამოვლენილი ფრაგმენტი დავით კურაპალატის დიდი წარწერის ჩამოტეხილი ნაწილი იყოს.

“თურქულ მხარეს შევთავაზეთ, რომ თუ იქნება შესაძლებლობა, ფართომასშტაბინი არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარდეს, საშუალება მოგვეცემა ამ ტაძრის სრული ქრონოლოგია წარმოვიდგინოთ”,-აცხადებს პროფესორი ლომიტაშვილი.

ქართველი სპეციალისტები ოშკის ტაძრის პირველი ეტაპის სამუშაოების მონიტორინგის მისიით თურქეთში გასულ კვირას იმყოფებოდნენ. პროექტის მიხედვით 480 დღიანი გეგმის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია, რაც ტაძრის ინტერიერის გასუფთავებას და მასზე თანამედროვე ტექნოლოგიის დამონტაჟებას ითვალისწინებს დამატებითი დაზიანებებისგან დაცვის მიზნით.