გორში, ორსული მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, 1991 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გორში ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ბრალდებით, კიდევ ერთი პირი, 1988 წელს დაბადებული გ.წ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცოლს, 1988 დაბადებულ ნ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მან ყელისა და მაჯის არეში ბასრი საგნით დაზიანებები მიიყენა. ნ.კ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი გორის სამკურნალო დაწესებულებაში.
ამ დროისთვის, მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილითა და 115-ე მუხლით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 მარტიდან დღემდე, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 11 პირი დააკავეს.