ორი რუსეთი - დასავლური მედია რუსული სიმდიდრისა და სიღარიბის შესახებ
12:44, 10.01.2018
ვლადიმერ პუტინის რუსეთი ორია – ოლიგარქებით დასახლებული მეგაპოლისები და მისი ბნელი ტყუპისცალი, რომელსაც მთავრობა წლებია, საგულდაგულოდ მალავს. ურალს იქით, სოფლებსა და პატარა ქალაქებში გადანახული „საიდუმლო“ მარადიულად ვერ დაიმალებოდა – რუსულ სიღატაკეს დასავლურმა მედიამ მიაგნო.
საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით, ყირიმის ანექსიით, უკრაინაში გამწვავებული კონფლიქტით, სირიის ომში რუსეთის ჩართულობითა და კრემლიდან მართული მედიის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციით „მონუსხული“ რუსეთის მოსახლეობის თითქმის 15% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. 2014 წლამდე ეს მაჩვენებელი 12%-ს (16 მილიონი ადამიანი) არ აღემატებოდა, ყირიმის ანექსიის გამო, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შედეგად კი რუსეთის 20 მილიონი მოქალაქე მსოფლიო ბანკის კვლევების თანახმად, დღეს უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. მათი თვიური შემოსავალი 100$-ს არ აღემატება, საარსებო მინიმუმი კი რუსეთში 137$-ია. კვლევების თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ მათი ყოველთვიური შემოსავალი საკვები პროდუქტებისა და აუცილებელი ნივთების შესაძენად არასაკმარისია.
მიუხედავად მძიმე რეალობისა, რომელიც სანქტ-პეტერბურგისა და მოსკოვის მაგისტრალებს მიღმა არსებობს, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი მაინც მაღალია. იგი 2018 წელს პრეზიდენტობის მეოთხე ვადისთვის ემზადება, უფსკრული კი, მდიდრებსა და ღარიბებს შორის პუტინის რუსეთში სულ უფრო ღრმავდება. დასავლეთის სანქციები ძალაში რჩება, ისევე, როგორც რუსული ტანკები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე და კონფლიქტებთან ერთად მწვავდება სიღატაკე, რომელზეც რუსეთის მთავრობა წლებია დუმს.
შვიდი თვის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის, NBC-ის ეთერში ბრიტანელმა ფინანსისტმა და Hermitage Capital Management-ის დამაარსებელმა ბილ ბროუდერმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ დღეს ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია, ვისი ქონებაც ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოს ქონებას ერთად აღებულს რამდენიმე მილიარდით გადაწონის.
მოგვიანებით, ამერიკულმა გამოცემა Atlantic-მა დაწერა, რომ ბროუდერმა ამის შესახებ ამერიკის კონგრესშიც ისაუბრა. ბრიტანელი ფინანსისტი ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისივე თეორიით, პუტინის გარემოცვა მასთან დაახლოებულ 10 ათასამდე ადამიანს ითვლის, რომელთა ქონება პრეზიდენტისგან მიცემული დავალებების შესრულების სანაცვლოდ, რამდენიმე მილიარდ დოლარს აჭარბებს.
2016 წელს პუტინის ქონების შესახებ დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „პუტინის საიდუმლო სიმდიდრე“ BBC-ისრეპორტიორმა რიჩარდ ბილტონმა და პროდიუსერმა ჯონათან კოფიმ მოამზადეს. ფილმის მიხედვით, ვლადიმერ პუტინი მის ქონებას დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებსა და ოფშორულ ზონებში წლებია მალავს. იმ რუსეთში კი, სადაც Forbes-ისა და Business Insider-ის ინფორმაციით, 100-მდე მილიარდერი და 130 ათასზე მეტი მილიონერი ცხოვრობს, 20 მილიონი ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, მილიონ-ნახევარი მცირეწლოვანი ბავშვია. პუტინის რუსეთის პროვინციულ ქალაქებში სკოლის მასწავლებლის ხელფასი 140 დოლარს არ აღემატება, პოლიკლინიკის ექიმის კი 200 დოლარს. პუტინის რუსეთი „გამორჩეული“ იმითაცაა, რომ მილიონამდე ადამიანი ქუჩაში, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.
New York Times-ის ჟურნალისტმა ელენ ბარიმ რუსეთის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში მოგზაურობის შემდეგ დასავლეთისთვის უცნობი რუსეთი აღმოაჩინა. „სხვა რუსეთი: ქვეყანა განადგურების გზაზე“ – ასე უწოდა რეპორტაჟს ამერიკელმა ჟურნალისტმა, რომელმაც რუსული სოფლების უმძიმესი ისტორიები ასახა.
„როცა მოსკოვს ან სანქტ-პეტერბურგს გასცდებით, იქ სხვა რეალობა დაგხვდებათ. ამ რეალობაში არც გაზი აქვთ და არც წყალი. რუსული სოფლები მე-18 საუკუნის მეფის რუსეთის სოფლებისგან არაფრით განსხვავდება“, – წერს ელენ ბარი.
ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მესამედი გაზიფიკაციის გარეშეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 40 მილიონზე მეტ ადამიანს გაზი არ მიეწოდება. 2017 წლის კვლევის თანახმად, რუსეთში დღემდე საცხოვრებელი ბინების 20%-ში წყალგაყვანილობა არ არის, რის შედეგადაც 20 მილიონი ადამიანი წყლის, 34 მილიონი კი, კანალიზაციის გარეშე ცხოვრობს.
დასავლეთში ანალიტიკოსების პროგნოზი რუსეთთან დაკავშირებით პესიმისტურია. Davis Center for Russian and Eurasian Studies-ის ანალიტიკოსი კრისტოფერ ჯარმასი დარწმუნებულია, რომ არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ვითარების გათვალისწინებით, 2020 წლისთვის რუსეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი აღმოჩნდება.