ორი მოსწავლის მკვლელობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს
ორი მოსწავლის მკვლელობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს

თბილისში ორი მოსწავლის მკვლელობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„უკიდურესად შეძრწუნებული ვარ გუშინ თბილისში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს.

ეს არის საერთო ტრაგედია, რომელმაც ყველა შეგვძრა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს.

ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი საზოგადოება, უნდა გავერთიანდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა. ეს არის თემა, რომელსაც მხარე არ ყავს!

ამ უმძიმეს წუთებში მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს“, – აცხადებს პრემიერი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2001 წელს დაბადებული ერთი პირი, ხოლო კიდევ ერთ პირს შსს ეძებს. მომხდარის შედეგად, ორი მოზარდი გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი პირველ დეკემბერს, მომხდარიდან რამდენიმე წუთში, საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.