რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარდგინეს. შესაბამისი მოთხოვნით წერილს 18 კანონმდებელი აწერს ხელს. მათი თქმით, ტრამპს ორი კორეის ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ეკუთვნის.
წერილის ავტორი ინდიანას შტატის კონგრესმენი ლუკ მესერია.
„ტრამპმა აუცილებელად უნდა მიიღოს 2019 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, მის მიერ ორი კორეის ომის დასრულებაში, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასა და მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის.“ – ნათქვამია განცხადებაში.
კონგრესმენების თქმით, ტრამპმა შეძლო საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანება, რის გამოც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოხერხდა და ფხენიანი იძულებული გახდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებულიყო.
დონალდ ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენის თემა რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილებოდა. ამის მიზეზი იყო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან ტრამპისთვის მშვიდობის დარგში ნობელის მინიჭების იდეა გაახმიანა.
კონგრესმენების წერილი ტრამპის ოპონენტებმა პოლიტიკურ ხრიკად შეაფასეს, რომელიც რესპუბლიკელებს კონგრესის შუალედური არჩევნების დროს ამომრჩეველთა ხმების მობილიზებაში დაეხმარება.
ნობელის პრემიაზე წარდგენის უფლება სახელმწიფოთა მეთაურებს, მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოთა წევრებს შეუძლიათ. წარსულში ნობელის პრემია აშშ-ის ოთხმა პრეზიდენტმა მიიღო. ესენია თეოდორ რუზველტი, ვუდრო უილსონი, ჯიმი კარტერი და ბარაკ ობამა