ადამიანის სიცოცხლის პროგრესად შეიძლება ჩავთვალოთ ცვლილებების თანდათანობითი თანმიმდევრობა დედის მუცლიდან საფლავამდე.
მაგრამ თუ ერთ მშვენიერ დილას სარკეში ჩახედვისას აღმოაჩენთ, რომ უცბად გაცილებით ხნიერად გამოიყურებით, შეიძლება ეს სულაც არ გეჩვენებოდეთ.
დაბერებასთან დაკავშირებულ მოლეკულურ ცვლილებებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ადამიანები განიცდიან ორ მკვეთრ გადახრას დაბერებისკენ — ერთს დაახლოებით 44 წლის ასაკში და მეორეს დაახლოებით 60 წლის ასაკში.
„დროთა განმავლობაში თანდათანობით კი არ ვიცვლებით, არამედ ხდება მართლა დრამატული ცვლილებებიც. როგორც ჩანს, შუა 40-იანი წლები დრამატული ცვლილებების პერიოდია; ასევეა 60-იანი წლების დასაწყისიც. არ აქვს მნიშვნელობა, მოლეკულათა რომელ კლასს შეხედავ“, — ამბობს სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსი მაიკლ სნაიდერი.
დაბერება კომპლექსურია და დაკავშირებულია ყველა სახის დაავადების რისკების ზრდასთან.
სნაიდერი და მისი კოლეგები დაბერების ბიოლოგიას იკვლევდნენ, რათა უკეთესად გაეგოთ, რა ცვლილებები ხდება ამ დროს და როგორ, რადგან თუ ეს ყველაფერი გვეცოდინება, უკეთესად მოხდება დაავადებათა მკურნალობა. ამისათვის შეისწავლეს 108 ზრდასრული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც მათ რამდენიმე წლის განმავლობაში, რამდენიმე თვეში ერთხელ გადასცემდა ბიოლოგიურ ნიმუშებს.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ალცჰაიმერისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევაში, რისკი დროთა განმავლობაში თანდათანობით კი არ იზრდებოდა, არამედ მკვეთრად იზრდებოდა გარკვეული ასაკის შემდეგ. ამიტომ სურდათ, ახლოდან შეესწავლათ დაბერების ბიომარკერები, რათა ენახათ, შესაძლებელს ხდიდნენ თუ არა ისინი დაკავშირებულ ცვლილებათა იდენტიფიცირებას.
ამ კოჰორტიდან აღებული ნიმუშების გამოყენებით, მკვლევრები თვალს ადევნებდნენ სხვადასხვა სახის ბიომოლეკულებს. მათ შორის იყო რნმ, ცილები, ლიპიდები და ნაწლავის, კანის, ცხვირისა და ორალური მიკრობიომის ტაქსონები, ჯამში 135 239 ბიოლოგიური ელემენტი.
626 დღის განმავლობაში, თითოეულმა პაციენტმა საშუალოდ 47 ნიმუში გაიღო, ყველაზე დიდხნიანმა მონაწილემ კი 367 ნიმუში. ასე ბევრმა მონაცემმა გამოიღო 246 მილიარდზე მეტი მონაცემთა წერტილი, რომლებიც მკვლევრებმა შემდეგ დაამუშავეს და შეისწავლეს ცვლილებათა მახასიათებლები.
რამდენიმე წინა კვლევამ დაადგინა არახაზობრივი ცვლილებები მოლეკულებში, რომლებიც ადამიანებსა და ვირთხებში შეიძლება დაუკავშირდეს დაბერებას. ხილის ბუზებზე, თაგვებსა და ზებრათევზებზე ჩატარებულმა კვლევებმა ასევე მიუთითა ეტაპობრივი დაბერების პროცესზე ამ სახეობებში.
სნაიდერმა და მისმა კოლეგებმა შენიშნეს, რომ ადამიანის სხეულის მრავალი სახის მოლეკულაში ძლიერ მკაფიო ცვლილება ორ სხვადასხვა ეტაპზე.
მათ მიერ შესწავლილ მოლეკულათა დაახლოებით 81 პროცენტს ცვლილებები ერთ ან ორივე ამ ეტაპზე აღენიშნებოდა. ცვლილებები პიკს აღწევდა ადამიანის 40-იანი წლების შუა მონაკვეთში, შემდეგ კი 60-იანი წლების ასაკის დასაწყისში, ოღონდ ოდნავ სხვადასხვა იყო პროფილები.
40-იანი წლების შუა ხანების პიკში ფიქსირდებოდა ცვლილებები მოლეკულებში, რომლებიც დაკავშირებულია ცილების, კოფეინისა და ალკოჰოლის მეტაბოლიზმთან, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და კანისა და კუნთების დისფუნქციებთან.
60-იანი წლების ადრეული ხანების პიკი დაკავშირებული იყო ნახშირწყლებისა და კოფეინის მეტაბოლიზმთან, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, კანისა და კუნთების, იმუნური რეგულაციისა და თირკმლების ფუნქციასთან.
პირველი პიკი, 40-იანი წლების შუა ხანებში, ძირითადად მაშინ დგება, როცა ქალს მენოპაუზა ან პრემენოპაუზა ეწყება, მაგრამ მკვლევრებმა ეს, როგორც ფაქტორი გამორიცხეს: ამავე ასაკში, მნიშვნელოვანი მოლეკულური ცვლილებები კაცებსაც ეწყებათ.
„ეს იმაზე მიუთითებს, რომ მენოპაუზას და პრემენოპაუზას შეიძლება წვლილი შეჰქონდეს 40-იანი წლების შუა ხანებში ქალებში დაფიქსირებულ ცვლილებებში, მაგრამ სავარაუდოდ არსებობს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ამ ცვლილებებზე ახდენს გავლენას როგორც ქალებში, ისე კაცებში. ამ ფაქტორების გამოვლენა და შესწავლა სამომავლო კვლევათა პრიორიტეტი უნდა გახდეს“, — განმარტავს სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეტაბოლიზმის სპეციალისტი და კვლევის ავტორი, სიაოტაო შენი.
მკვლევრები შენიშნავენ, რომ მათი საკვლევი ნიმუშის ზომა საკმაოდ მცირე იყო და თანაც, შეამოწმეს შეზღუდული ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებიც 25-დან 70 წლამდე ადამიანებს ეკუთვნოდათ.
სამომავლო კვლევები შეიძლება ამ ფენომენის უკეთესად ამოხსნაში დაგვეხმაროს; საჭიროა უფრო დეტალური კვლევა სუბიექტთა უფრო ფართო დიაპაზონზე, რათა უკეთესად დადგინდეს, როგორ იცვლება ადამიანის სხეული დროთა განმავლობაში.
კვლევა Nature Aging-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია med.stanford.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.