ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ცოლ-ქმარს: 1986 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს და 1981 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩ.კ.-ს.

„ჰ.მ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილთა ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს დამარხა და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.