ორგანიზატორების ინფორმაციით, მოსკოვში მიმდინარე ოპოზიციურ დემონსტრაციაში 40 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს
მოსკოვში მიმდინარე ოპოზიციურ დემონსტრაციას 40 ათასამდე ადამიანი ესწრება, – ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო, აქციის ორგანიზატორების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიტინგში 15 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს.
სანქცირებული აქცია მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში, სახაროვას პროსპექტზე იმართება.
რუსეთის დედაქალაქში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა იმართება. დემონსტრანტები საქალაქო დუმაში დამოუკიდებელი კანდიდატების დაბლოკვასა და აქტივისტების დაკავებას აპროტესტებენ. თუმცა აქციები ხშირ შემთხვევაში, მასობრივი დაკავებებით სრულდება.
სამართალდამცველებმა ამ დრომდე დემონსტრაციის დროს 2 ათასამდე ადამიანი დააკავეს. მოსკოვის მერის განმარტებით, დაკავების მიზეზი მათი გეგმები იყო. როგორც სერგეი სობიანინმა აღნიშნა, აქტივისტების ნაწილი ადმინისტრაციულ შენობებზე თავდასხმებს აპირებდა.
გაერო-მ და ევროკავშირმა რუსი სამართალდამცველების ქმედებები დაგმეს და რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის გამართვის უფლების დაცვისკენ მოუწოდეს.