ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“ აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე დაუკავშირდა და მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შესახებ აცნობა
ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ აზერბაიჯანის მოქალაქე ჰუსეინ ბაკიხანოვს გარდაცვალებამდე იურიდიულ დახმარებას უწევდა. ამის შესახებ ორგანიზაციის იურისტებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდება ბაკიხანოვის მიერ საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მათივე თქმით, აზერბაიჯანის მოქალაქემ „უფლებები საქართველოს“ თავშესაფრის მიღების მოთხოვნით სამართლებრივი დახმარების მიზნით მიმართა. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ვერ გაასაჯაროვებენ იმ გარემოებებს, თუ რა მიზნით სურდა აზერბაიჯანის მოქალაქეს თავშესაფარი, თუმცა ამბობენ, რომ მას უნდა აეღო თავშესაფრის მაძიებლის დროებითი მოწმობა. მათივე განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ბაკიხანოვს საქართველოში ლტოლვილის მოწმობა ჰქონდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ბაკიხანოვი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე დაუკავშირდა „უფლებები საქართველოს“ და შეატყობინა, რომ იგი რამდენიმე დღის წინ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც პოლიციაში დაიკითხა.
„ბაკიხანოვმა „უფლებები საქართველოს“ პირველად მომართა 2021 წლის 14 ივნისს საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნის წესის და პროცედურების შესახებ სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით. კონსულტაციის მიღების შემდეგ, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით. საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი არის კონფიდენციალური, ამიტომ „უფლებები საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას მედიასთან ისაუბროს ამ გარემოებების შესახებ. შეგვიძლია, მხოლოდ დავადასტუროთ, რომ ბაკიხანოვს, როგორც თავშესაფრის მაძიებელს, 2021 წლის 15 ივლისს, გარდაცვალების მომდევნო დღეს, უნდა აეღო თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მას მიენიჭა ან მიენიჭებოდა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი. 2021 წლის 6 ივლისს ჰუსეინ ბაკიხანოვი დაუკავშირდა „უფლებები საქართველოს“ სხვა ქვეყანაში გადასვლაში დახმარების მიზნით. ორგანიზაციის მიერ გაეწია შესაბამისი კონსულტაცია.
2021 წლის 14 ივლისს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბაკიხანოვი კვლავ დაუკავშირდა „უფლებები საქართველოს“ და შეატყობინა, რომ იგი რამდენიმე დღის წინ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რის გამოც დაიკითხა პოლიციაში. აღნიშნული ძალადობის შესახებ დეტალები ბაკიხანოვმა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში და ამ მიმართულებით „უფლებები საქართველოსთვის“ მას დახმარება არ უთხოვია.
ბაკიხანოვის გარდაცვალების შესახებ „უფლებები საქართველოსათვის“ იმავე დღეს გახდა ცნობილი. „უფლებები საქართველოს“ ეცნობა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო“, – განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა, ანა გუდაძემ.
თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჰუსეინ ბაკიხანოვის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა ორი კვირის წინ, სასტუმრო „სტამბაში“ მოხდა.