ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ხაშურში „მშობელთა სკოლის“ საპილოტე ტრენინგს ატარებს
ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ხაშურში „მშობელთა სკოლის“ საპილოტე ტრენინგს ატარებს

საქართველოში პირველად, ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მოსწავლეთა მშობლებისთვის ტრენინგები დაიწყო, რომელთა გავლის შედეგად მიღებული ინფორმაცია და ახალი უნარ-ჩვევები მშობლებს შვილის სწავლისა და აღზრდის საკითხებში, სკოლასთან ურთიერთობაში და სასკოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში დაეხმარება.

როგორც ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” აცხადებენ, პირველი ტრენინგის მასპინძელი ხაშურის N1 საჯარო სკოლაა.

ტრენინგის მონაწილეები შემდეგ საკითხებს გადიან: ძალადობა, ბულინგი და სტრესი სკოლაში; რა უფლებებს ანიჭებს სკოლის მოსწავლეთა მშობლებს კანონი; სკოლისა და მოსწავლის მშობლის ეფექტური კომუნიკაციის პრინციპები; ზოგადი განათლების სისტემაში მშობელთა ჩართულობის მექანიზმები.

როგორც ორგანიზაციის დამფუძნებლები აცხადებენ, ტრენინგები პირველ ეტაპზე, ორგანიზაციის მხარდამჭერებისთვის ტარდება და მათთვის უფასოა.

„მშობელთა სკოლის საჭიროება ორგანიზაციის მიერ რეგიონებში ორგანიზებულმა საინფორმაციო-გაცნობითმა შეხვედრებმა გამოკვეთა, რომლის ფარგლებში იდენტიფიცირდა ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც ქვეყნის მასშტაბით მეტ-ნაკლებად საერთოა ყველა სკოლისა და მშობლისთვის. მშობელთა სკოლის ტრენინგები, კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო” ხელშეწყობით, დეკემბრის თვეში – თელავში, ახალციხესა და გორში, ხოლო მომავალი წლიდან, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ოზურგეთში ჩატარდება. ამის შემდეგ კი დავიწყებთ მასტერკლასებს, რომელზე რეგისტრაციასაც სიმბოლური ფასი ექნება”, – აცხადებს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და “მშობელთა სკოლის” მენეჯერი თაია მახარაშვილი.

ტრენინგის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ ორგანიზაციის ვებგვერდსა და „ფეისბუქზე“ განთავსებული აპლიკაცია და არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ ტრენინგის საჭიროება, ვინაიდან სწორედ სამოტივაციო წერილზე იქნება დამოკიდებული აპლიკანტების შერჩევა. ტრენინგის ხანგრძლივობა 6 საათია და მას განათლების ტრენერი მანანა ჯინჭარაძე გაუძღვება.