ორგანიზაცია „ანტიკორუფციული საბჭოს“ სამმა წევრმა სუს-ში გამოკითხვაზე უარი თქვა
ორგანიზაცია „ანტიკორუფციული საბჭოს“ სამმა წევრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უარი თქვა და სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვეს, – ამის შესახებ მათმა ადვოკატმა, გიორგი გოგინავამ სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა.
გიორგი გოგინავა კახა ლომთათიძის, რეზო ბარამიძისა და იოანე ქერქაძის ინტერესების დამცველია.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად.
„ვინაიდან, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა უარი თქვეს გამოკითხვაზე, უწყებას კონკრეტული შეკითხვები არ დაუსვამს. ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ სასამართლოს ინფორმაცია. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოკითხვის ოქმში, სადაც სისხლის სამართლის ნომერია მითითებული, აღნიშნულია, რომ გამოძიება დაიწყო პირველ ოქტომბერს. ახლა რატომ დაიბარეს, თუ პირველ ოქტომბერს დაიწყო გამოძიება. ერთი თვეა გასული, რა მიზანს ემსახურება, არ ვიცი. დანარჩენ მოკლე ანალიზს გამოკითხვის შემდგომ გავაკეთებ“, – განაცხადა გიორგი გოგინავამ.
მისი თქმით, სავარაუდოდ დღეს ან ხვალ მიმართავს საგამოძიებო უწყება სასამართლოს შუამდგომლობით, გამოკითხვასთან დაკავშირებით.