ორფოლოში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების, „მტკიცე სული 2021“-ის დახურვის ცერემონია გაიმართა [ფოტო]
ორფოლოში მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების, „მტკიცე სული 2021“-ის დახურვის ცერემონია გაიმართა [ფოტო]

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები „მტკიცე სული 2021“ დღეს ოფიციალურად დასრულდა. დახურვის ცერემონია ორფოლოში გაიმართა.

ღონისძიებაზე ქართველ და წვრთნებში მონაწილე უცხოელ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-მაიორმა, ტომას კარდენმა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეო იყო, საქართველომ უკვე მეათედ უმასპინძლა. წვრთნები ოფიციალურად 26 ივლისს დაიწყო და დღემდე ხუთ ლოკაციაზე იქნება გაშლილი.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, წვრთნები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვის, აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.

სწავლება, რომელიც რეგიონში ორ ქვეყანას – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დაიწყო, დღეს უკვე მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება გახდა. სწავლებაში „მტკიცე სული“ 2021 წელს 15 ქვეყნის 2 500 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.