ორფოლოს სასროლეთზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მეორე ასეულის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნების კულმინაციური სწავლება ჩატარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებისას ოცეულები თავდაცვით პოზიციაში იმყოფებოდნენ და პირობით მოწინააღმდეგეზე შეტევა განახორციელეს, რა დროსაც სხვადასხვა მანძილზე მათი განადგურება შეძლეს.
„გეგმური წვრთნა 2 კვირის განმავლობაში ტაქტიკური სწავლებითა და საბრძოლო სროლებით მიმდინარეობდა. ასეულის პირადმა შემადგენლობამ ქვედანაყოფის მართვის პროცედურების შესაბამისად თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს და საჭირო უნარ-ჩვევები დახვეწეს. სწავლება ოცეულის დონეზე ქვედანაყოფის ტაქტიკურ მომზადებასა და სინქრონიზებულ მოქმედებას ისახავდა მიზნად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.