ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ხვდება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტთან ისაუბრებს თბილისში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.
„დღეს მოვედი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური და მინდა, ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც. როგორც მოგეხსენებათ, არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შსს-სა და პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ მომხდარა. მინდა, მოვისმინო, რას ფიქრობს თავად, მათ შორის უსაფრთხოების პრიზმიდანაც. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტ-ნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ასევე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მინდა, გავიგო, რას ფიქრობს თუნდაც იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რასაც მთავრობის ხელმძღვანელი აკეთებს.
კონკრეტული ჩემი მესიჯები იქნება ასეთი, რომ ვუთხრა პრეზიდენტს, რატომ ვთვლი, რომ არ არის სწორი, დღემდე არ არის გამოძიება დაწყებული ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორების მიმართ, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმას, რომ შსს და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ მიმართულებით, დაიწყოს გამოძიება და დაიწყოს დევნა, მისცენ პასუხისგებაში ამ ძალადობრივი თავდასხმების იდეოლოგები და ორგანიზატორები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.