კიევში, ოქტომბრის სასახლესთან პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა [ფოტო]
კიევში, ოქტომბრის სასახლესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, სასახლის შიგნით ტერიტორია კვამლშია გახვეული. გაზის გაშვების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი შეუძლოდ გახდა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები სასახლეში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა არ მისცეს, რომელთაც შენობის შესასვლელი ბლოკირებული აქვთ.
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, მაიდანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მხარდამჭერებს ოქტომბრის სასახლესთან გადანაცვლებისკენ მოუწოდა, სადაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მათი სათაო ოფისი უნდა ყოფილიყო.