ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა და 192.9 ლარს შეადგენს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.
სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 189.9 ლარი შეადგინა. ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარით გაიზარდა და 192.9 ლარზე დაფიქსირდა.
ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 2 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 170.8 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი, ოქტომბერში 323.5 ლარზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ოქტომბერში მაჩვენებლები შემდეგია: ერთსულიან ოჯახზე თანხა 170.8 ლარით განისაზღვრა, ზრდა 2 ლარი და 60 თეთრი; ორსულიანზე – 273.3 ლარით, ზრდა 4 ლარი და 10 თეთრი; სამსულიანზე – 307.5 ლარით, ზრდა 4 ლარი და 70 თეთრი; ოთხსულიანზე – 341.7 ლარით, ზრდა 5 ლარი და 20 თეთრი; ხუთსულიანზე – 384.4 ლარით, ზრდა 5 ლარი და 90 თეთრი; ექვსსულიანი და მეტი – 454.4 ლარი, ზრდა 6 ლარი და 90 თეთრი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.