ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი - ნატო-ს არ უნდა, ჩაერთოს უკრაინის თავზე დახურული ცის შექმნაში, რადგან არ ვიცით, ეს ყველაფერი სად დასრულდება
ჩვენ მცირე გაკვეთილი ავითვისეთ 2014 და 2018 წელს უკრაინისგან და ახლა, რუსეთთან მიმართებაში ჩვენი პრეზიდენტი უფრო მკაცრი, ძლიერი მიდგომით მოქმედებს, – ამის შესახებ ოქსფორდის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა, ნილ მაკფარლეინმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ევროკავშირს არ ჰქონდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. მათ ეს პოლიტიკა მიიღეს 1993 წელს და დღეის მდგომარეობით მათ ძალიან ძლიერი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა აქვთ. გერმანიაზე თუ ვილაპარაკებთ, გერმანია ათწლეულების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, ასე ვთქვათ, ზედმეტ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ, ამის შემდეგ კი მათ განაცხადეს თავიანთი განზრახვა, რომ სამხედრო ხარჯები 2%-მდე გაეზარდათ, და პირველად მიაწოდეს იარაღი უკრაინას. 1945 წლიდან ეს გახლავთ პირველად, როდესაც გერმანიამ ომის ზონაში იარაღი შეიტანა“, – განაცხადა მაკფარლეინმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დგას თუ არა დღის წესრიგში ნატო-ს გაფართოება, ნილ მაკფარლეინმა განაცხადა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ნატო-ს წევრობა ბრიუსელში ამჟამად არ არის დღის წესრიგში, მომავალში შესაძლებელია, იყოს, მაგრამ ახლა საკითხი მომწიფებული არ არის.
„მნიშვნელოვანია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა აძლიერებდნენ თავიანთ განაცხადს ევროკავშირის წევრობის თვალსაზრისით, ნატო-ში კი ასე არ ხდებოდა, რადგან ნატო-ს არ აქვს სურვილი, მიიღოს ისეთი წევრები, რომლებიც აქტიურ კონფლიქტში არიან ჩართული. უკრაინა აქტიურ კონფლიქტშია ჩართული, საქართველოს კი აქვს სეპარატისტული რეგიონები თავის ტერიტორიაზე, რაც შიდა არასტაბილურობის პოტენციალს ქმნის.
ნატო-ს გაფართოების დოკუმენტებისთვის ათვლის წერტილი გახლავთ ის, რომ ახალმა წევრებმა უნდა შექმნან უსაფრთხოება და არა მოიხმარონ იგი. ამ პრინციპით პრობლემა უკრაინასთან უნდა მოგვარდეს, ვიდრე მოხდება ნატო-ში გაწევრიანება. ურთიერთობა საქართველოსა და სეპარატისტულ ტერიტორიებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ნატო-ს წევრობა ამჟამად არ არის დღის წესრიგში ბრიუსელში. მომავალში შესაძლებელია, იყოს, მაგრამ ამჟამად საკითხი მომწიფებული არ არის“, – განაცხადა მაკფარლეინმა.
მისი თქმით, პროცედურულად ძალიან რთულია, მაგრამ ნატო-ს რომ შეძლებოდა და გადაეწყვიტა, უკრაინა ხვალ გაეწევრიანებინა ალიანსში, ამის შემდეგ ძალიან მძიმე სიტუაცია და გარემოებები დადგებოდა.
„ისმის კითხვა – რა მოხდებოდა ამის შემდეგ? ამის შემდეგ დადგებოდა ძალიან მძიმე სიტუაცია და გარემოებები. ეს გახლავთ ძალიან რთული პოზიცია ნატო-სთვის და უკრაინისთვის. ამას შეიძლება, დავამატოთ მოლდოვა და საქართველო. ნატო მაქსიმუმის გაკეთებას ცდილობს, რათა დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი. თუ ვიტყვით, რომ ახლა ნატო-ს წევრი ხარ, ძალიან არაპროგნოზირებადი და საშიში შედეგები დადგება. შეიძლება, აქ ბირთვულ ომზეც ვიფიქროთ“, – განაცხადა მაკფარლეინმა.
როგორც ოქსფორდის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა აღნიშნა, თუ რუსეთი მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთს დაბომბავს, რათა უკრაინაში იარაღის შეტანას ხელი შეუშალოს, ნატო-ს არჩევანია, ან არაფერი გააკეთოს, რაც ალიანსს ჩამოშლის, რადგან მეხუთე მუხლი დაირღვევა, ან გააკეთოს რაღაც, დაიცვას პოლონეთი და შევიდეს ომში რუსეთთან.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოხდება ასეთ შემთხვევაში, თუ რუსეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთს დაბომბავს და ნატო პოლონეთს დაიცავს, ნილ მაკფარლეინმა განაცხადა, რომ რუსეთმა პოლონეთი თუ დამომბა, ნატო-მ შეიძლება, გაზარდოს საჰაერო შესაძლებლობები პოლონეთში და ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც საზღვარს გადაკვეთენ.
„პრობლემა აქ გახლავთ ესკალაციის საკითხი. ამიტომ, ნატო-ს არ უნდა, ჩაერთოს უკრაინის თავზე დახურული ცის შექმნაში, რადგან თუ მაგალითად, ამას გააკეთებს, საჭიროა უკრაინის ცის საბრძოლო თვითმფრინავებით პატრულირება. რუსები უკვე ამ სივრცეში არიან და საბოლოოდ შეიძლება, მივიღოთ შეტაკება რუსეთის თვითმფრინავებთან და მათი ჩამოგდებაც მოხდეს. პრობლემა ნიშნავს იმას, რომ არ იცი, ეს ყველაფერი სად დასრულდება“, – განაცხადა ნილ მაკფარლეინმა.
ნილ მაკფარლეინის თქმით, უკრაინას შეუძლია, ნეიტრალურ სტატუსზე შეთანხმება მოახდინოს და მოლაპარაკებებში ჩაერთოს, რადგან, მისივე განმარტებით, უკრაინას ნატო-ში დიდი ხნის განმავლობაში არ მიიღებენ, ნეიტრალურობის დეკლარაცია კი მუდმივი არ არის.