ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ გადატანის გამო, ერთი პირი დააკავეს
ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების უკანონოდ გადატანის გამო, ერთი პირი დააკავეს

საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადატანასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვაჟა ნავროზაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პირს ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები თურქეთიდან შემოჰქონდა და საქართველოს გავლით აზერბაიჯანში აპირებდა გადატანას.

როგორც ვაჟა ნავროზაშვილმა განაცხადა, ბრალდებული „მერსედესის“ მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, “სარფის” საბაჟო პუნქტის გავლით, საქართველოში 36 კგ. ოქროსა და ოთხი კგ. ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას ცდილობდა, რომლის საერთო ღირებულება 2 000 000 ლარს აღემატება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას. დანაშაული ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.